დღეს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. საქართველოს პატრიარქს 84 წელი შეუსრულდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში , გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ს ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით.

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაყო.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ს გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

იმ პერიოდის საბჭოთა საქართველოში სულ 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი. ლწების განმავლობაში ილია მეორეს ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით აშენდა და ამოქმედდა ასეულობით ტაძარი და ეპარქიები საქართველოს ყველა კუთხეში და მის ფარგლებს გარეთ. დღეისთვის სულ 47 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 48 მღვდელმთავარი, მათგან 3 ტიტულარულია. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.

 

234 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი