6 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება ლეილა შელიას პერსონალური გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლეილა შელიას მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი 80-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.

“ჩემთვის ცნობილ მეოცე საუკუნის ქართველ მხატვართა შორის ლეილა შელია ერთ-ერთი პირველი აბსტრაქციონისტი ქალია. ის, რომ ლეილამ თავისი შემოქმედების დასაწყისშივე, 1980-იანი წლებიდან მთავარ მიმართულებად აბსტრაქცია აირჩია, უდაოდ მის პიროვნულ თავისუფლებასა და სითამამეზე მეტყველებს. მე კი, მისი ხასიათის გათვალისწინებით, ეს არჩევანი კანონზომიერად მეჩვენება. ლეილა იშვიათად დამოუკიდებელი ადამიანია, შეიძლება ითქვას თვითკმარია. იგი რამდენადმე ცალკე მდგომია, თუმცა მარტოსული არაა. ეს თვისებები მას, როგორც ცხოვრებაში, ასევე შემოქმედებაშიც, თითქოს თავიდანვე გამოარჩევდა. ალბათ, ამ მიზეზითაც მან შემოქმედებითი დამოუკიდებლობა, ავტონომიურობა თუ ნაწილობრივი იზოლიაცია სწორედ აბსტრაქციაში მოძებნა…” – მაია ციციშვილი

“ლეილა შელიას ნამუშევრებში ყველაზე მეტად მომწონს (მისი ნამუშევრები კი ძალიან მომწონს) მისი მოკრძალებული, მაგრამ ამავდროულად, ღირსეული თავდაჯერებულობა. რჩება შთაბეჭდილება, რომ მას კარგად აქვს გათვითცნობიერებული საკუთარი მნიშვნელობა. მის ნამუშევრებში არ არის თავმომწონეობა ან ტრაბახი, არ ცდილობს თქვენი ყურადღების მისაპყრობად შოკის ეფექტი გამოიყენოს, ანდა შემაშფოთებელი სტილითა და თემატიკით ავანგარდისადმი სწრაფვა დაგიკმაყოფილოთ. არც იმას ცდილობს, თავი დახვეწილად მოგაჩვენოთ. მისი ფერწერა უბრალოდ თვითკმარია, ბუნებრივი და ნაკლებად აინტერესებს, აღაფრთოვანებს ვინმეს, თუ-არა…” – სკოტ ბოისი

2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა მხატვრის ალბომი. მხატვრის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ გალერეასა და კერძო კოლექციაშია დაცული.

ლეილა შელიას პერსონალური გამოფენა 2017 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზ. 11.

313 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი