თავისთავად ის არავინ იყო. სახის მიღმა (რომელიც სხვებს არ ჰგავდა ეპოქის უგვან პორტრეტებზეც კი) და უთვალავი, მოჩვენებითი, დაუკავშირებელი სიტყვების მიღმა მხოლოდ სიცივე იმალებოდა, სიზმარი, რომელიც არავის ესიზმრებოდა.

თავიდან ეჩვენებოდა, თითქოს ყველა სხვა ადამიანი ასეთივე იყო, მაგრამ მეგობრის ჩარევამ, რომელთანაც თავის სიცარიელეზე სცადა დალაპარაკება, დაარწმუნა სიმცდარეში და ერთხელ და სამუდამოდ აიძულა საკუთარ თავში გაერკვია, რომ არ შეიძლება სხვებისაგან გასხვავებული იყო. ფიქრობდა განკურნება წიგნებში ეძებნა, რისთვისაც – თანამედროვის მოწმობით – ცოტა ლათინური ისწავლა და კიდე უფრო ცოტა – ბერძნული; მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ მიზანს მიაღწევდა, თუ ადამიანთა საერთო საცხოვრებლის უმარტივეს წესს შეასრულებდა და ივნისის ერთ მშვენიერ ღამეს ანა ჰეტევეის მკლავებს ეზიარა.

ოცდარომელიღაც წელს ლონდონში ჩავიდა. ნების საწინააღმდეგოდ უკვე ესწავლა ვიღაცად წაროედგინა თავი, რათა არ გაეცა, რომ ის – არავინ იყო; ლონდონში შეხვდა ხელობა, რომლისთვისაც იყო შექმნილი, მსახიობის ხელობა, რომელიც სცენაზე სხვის წარმოსასახად გამოდის ადამიანთა კრებულის წინ, რომლებიც მზად არიან თავი მოიკატუნონ, თითქოსდა მართლაც სხვად მიაჩნიათ იგი. ჰისტიონის შრომამ მას შეუდარებელი სიხარული მოუტანა, იქნებ ცხოვებაში პირველიც კი; მაგრამ უკანასკნელი ლექსიც გაისმოდა, სცენიდან ბოლო გვამი გაიტანეს – და ისევ ავსებდა არარეალურობის ამაზრზენი გემო. ის აღარ იყო ფერექსი ან თემურ ლენგი და ისევ არავინ ხდებოდა.

მოწყენილობის გასაქარვებლად სხვა გმირებსა და სხვა საშინელი ამბების გამოგონება დაიწყო. და აი, სანამ მისი სხეული ლონდონის ფაცხებსა და ბორდერებში ასრულებდა იმას, რაც სხეულს ევალება, მასში მობინადრე სული იყო ცეზარი, ავგურების გაფრთხილებისადმი ყრუ, ჯულიეტა, რომელიც მის სულში მობინადრე ტოროლას წყევლიდა და მაკბეტი, რომელიც ჯადოქრებს ესაუბრებოდა. ამქვეყნად არავინ ყოფილა იმდენი ადამიანი, როგორც ეს კაცი, რომელმაც ეგვიპტელი პროთეის მსგავად შეძლო, რეალობის ყველა სახე ამოეწურა. ხანდახან, ამა თუ იმ სიუჟეტის კუნჭულში საბედისწერო აღიარებას ტოვებდა, დარწმუნებული იმაში, რომ მას ვერ აღმოაჩენდნენ; ასე აღმოხდება რიჩარდს, რომ ის მსახიობია, რომელიც უამრავ როლს თამაშობს, იაგო კი უცნაურ სიტყვებს წამოისვრის “მე – ეს მე არ ვარ”. ცხოვრების, სიზმრისა და წარმოდგენების სიღრმისეული იგივეობა მას შთააგონებდა ტირადას, რომლებიც მოგვიანებით ცნობილი გახდა.

ოცი წელი გაატარა თავისი სიზმრების მართვით, მაგრამ ერთ დილასაც ზიზღი და შიში იგრძნო, შიში იმისა, რომ ყოფილიყო ყველა ეს მეფე, ხმლით განგმირული, და უბედური შეყვარებული, რომლებიც ხვდებიან შორდებიან და კვდებიან ნჟღერი რეპლიკებით. იმავე დღეს გაყიდა თეატრი, ერთი კვირის შემდეგ კი მშობლიურ ქალაქში იყო, სადაც ისევ იპოვა მდინარე და თავისი ბავშვობის ხეები და უკვე აღარ ადარებდა მათ სხვებს, მითოლოგიური მინიშნებებითა და ლათინური სახელებით მორთულთ, რომლებსაც მისი მუზა ასხამდა ხოტბას. მაგრამ აქაც საჭირო იყო ვიღაცად ყოფნა და ის იქცა საქმეებისაგან განდგომილ მეწარმედ, რომელსაც გარკვეული ქონება ჰქონდა და ახლა მხოლოდ სესხებით, დავებითა და მოგებიდან მოკრძალებული პროცენტებით იყო დაკავებული. ამ ამპლუაში უკარნახა ჩვენთვის ცნობილი ანდერძი, რომლიდანაც განგებ არის ამჭრილი პათოსისა და ლიტერატურულობის ყოველგვარი კვალი. ლონდონელი მეგობრები იშვიათად სტუმრობდნენ მას, განმარტოვებულს და მათ წინაშე კვლავინდებურად თამაშობდა პოეტის როლს.

ისტორია დასძენს, რომ სიკვდილამდე ან მას მერე ის ღვთის წინაშე წარდგა და მას მიმართა სიტყვით: – მე, რომელიც ამაოდ ვიყავი უამრავი ადამიანი, მინდა ვიქცე ერთადერთად – საკუთარ თავად.

და შემოქმედის თვალებმა მას ქარიშხლიდან უპასუხა: – მეც არ ვარ მე: მე გამოვიგონე ეს სამყარო, როგორც შენ შენი ქმნილებები, ჩემო შექსპირო. და ჩემი სიზმრის ერთ–ერთი ნიშანი შენ ხარ, ჩემი მსგავსი, რომელიც ხარ არსი ყველაფერი და არაფერი.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი