ორი ნაფოტი 

ორი წელი გაგრძელდა მათი მეგობრობა, სულ ორი წელი, იქამდე, სანამ სხვათა ცოდვამ დარიაჩანგის ბაღიდან არ გამოდევნა ისინი და მოჩვენებითი მარადისობა ჩვეულებრივ დღეებად და ღამეებად არ დაუქუცმაცათ. მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, მარტონი რომ არ იყვნენ; თურმე, დარიაჩანგის ბაღი პატარა, თითქმის უმნიშვნელო ნაწილი ყოფილა ქვეყნისა და არა მთელი ქვეყანა; თუმცა იმ ორი წლის განმავლობაში სხვა არაფერი არ არსებობდა მათთვის. მათაც ვაშლის სურნელი ასდიოდათ, ვაშლის ყვავილი ეყარათ თმაზე, თითქოს ამ ბაღში გაჩენილიყვნენ, ერთდროულად, ერთმანეთის თვალწინ. თავისუფლების შეგრძნება თავბრუს ახვევდათ, ათამამებდათ და ქვეყნის ბატონ-პატრონებად წარმოედგინათ თავი. თავისუფლები კი ნამდვილად იყვნენ, რადგან ერთმანეთში მსგავსებას ეძებდნენ და არა განსხვავებას.

დარიაჩანგის ბაღი მართლა მთელი ქვეყანა რომ ყოფილიყო, ისინიც ბოლომდე ბედნიერნი იქნებოდნენ, ამ ბაღივით არასოდეს არ დაბერდებოდნენ და ჯანსაღი, ოქროსთმიანი გოგო-ბიჭებით გაავსებდნენ აქაურობას. მაგრამ ისინი არც პირველი ადამიანები იყვნენ და არც ერთმანეთისთვის გაჩენილნი, მათ კი არ უნდა დაეწყოთ ცხოვრება, არამედ სხვების დაწყებული უნდა გაეგრძელებინათ, ანდა დაემთავრებინათ. ცხოვრებას თავისთვის სჭირდებოდა ისინი. ეს ორი ნაფოტიც იმ ცეცხლისთვის უნდა შეეკეთებინა, რომელზედაც გათოშილ ხელებს ითბობდა. მათი განმარტოებაც მოჩვენებითი იყო, ერთი წამითაც არ მოუშორებია ცხოვრებას თვალი ამ ორი ბედნიერი ბავშვისათვის, ციყვებივით რომ დაძვრებოდნენ ხეებზე, ყიჟინით რომ ეგებებოდნენ ზღვის აქოჩრილ ტალღებს, მზეზე იხრუკებოდნენ და სილაზე ერთმანეთის სახელებს წერდნენ, შლიდნენ და ისევ წერდნენ.

ინო ხან თუთიყუშივით ჩხაოდა, ხან ოთხზე დადგებოდა და იძახდა, შემხედე, შემხედე, ცუგა ვარო. ფარნაოზს მაშინვე კუდაპრეხილი, ნახტომისათვის გამზადებული ცუგა დაუდგებოდა ხოლმე თვალწინ. ხან ორივენი გაუნძრევლად იწვნენ ერთმანეთის გვერდით და ცას უყურებდნენ. გეგონებოდათ, ორი, ჯერ კიდევ ნედლი ნაფოტი ვიღაცას გასაშრობად მზის გულზე დაუდიაო. ცაზე კი ერთ კალაპოტში მიედინებოდა ორი სიცოცხლე, ვაშლის ყვავილებით გადაპენტილი ნაკადულივით მიწკრიალებდა ღრუბლებს შორის და უსასრულობას უერთდებოდა. ესეც მოჩვენება იყო, ოცნების ჯადოქრობა, ტკბილი ტყუილი, სინამდვილის მეორე მხარე, რადგან ცაზე ორი ნაკადულის, ორი სხვადასხვა ბედის მხოლოდ ანარეკლი შერწყმოდა ერთმანეთს. მიწაზე კი ორივეს საკუთარი კალაპოტი ჰქონდა, საკუთარი და სხვადასხვა, მათ გაჩენამდე გაკვალული, დადგენილი და დაკანონებული. უნდოდათ თუ არა, თვითონაც იმ შლამით უნდა ამღვრეულიყვნენ, წლობის მანძილზე რომ ჩალექილიყო კალაპოტებში.

. . . და აი, ერთ მშვენიერ დღეს მათ გულუბრყვილო ქვეყანაშიც შემოაღწია ნამდვილმა ცხოვრებამ: ხმაურიანმა, ცოდვიანმა, ტლანქმა და დაუნდობელმა. მოვიდა ნაფოტების წასაღებად, რადგან მისი აზრით, ისინი უკვე საკმაოდ გამომშრალიყვნენ მზეზე და უკვე შეიძლებოდა მათი ცეცხლში შეკეთება. ცეცხლს მოშიებოდა, მეტის მოთმენა კი არ შეეძლო, რადგან ის იყო ერთადერთი გამნათებელი ძველი და გაცვეთილი გზისა, რომელზედაც დაუსრულებლად მიედინებოდა ადამიანის მარად ლტოლვილი მოდგმა.

1, 850 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი