ჭავჭავაძის პროსპექტი ფართოა, ხმაურიანი… გაზაფხულის მზე ჩანჩქერივით ეღვრება სითბომონატრებულ ხეებს.

უცებ ვჩერდები – უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ერთ–ერთ სახლს უზარმაზარი, ადამიანის სიმაღლე ასოებით აწერია – “მე შენ მიყვარხარ!”

ალბათ შეყვარებულმა ბიჭმა დაწერა ეს სიტყვები. იქნებ აქ, ამ სახლში ცხოვრობს მისი გულისსწორი. იქნებ კი არა, დარწმუნებული ვარ, სწორედ აქ სახლობს.

თითქოს ნათდება და მშვენიერდება ქალაქი და მთელი სამყარო.

თითქოს მავიწყდება ყველა სიავე და ტკივილი.

რა ლამაზია სახლი, რომელსაც აწერია “მე შენ მიყვარხარ!” რა ლამაზია ის გოგონა, ვისაც ეკუთვნის “მე შენ მიყვარხარ!”

ეს მაგიური სიტყვებია, ბევრად ჯადოსნური, ვიდრე – “სეზამ, გაიღე!”

ამაზე ჯადოსნური სიტყვები არ არსებობს!

თითოეულმა ჩვენგანმა დღეში ერთხელ მაინც რომ დაწეროს  “მე შენ მიყვარხარ!” მხოლოდ მერე თუ აღიგვება ნელ–ნელა ის ჯოჯოხეთური სიძულვილი, რომელმაც ამდენი უბედურება მოგვაყენა კარს და მხოლოდ მაშინ თუ შეწყდება ომები დედამიწაზე.

ის, ვინც ცარცით კედელს აწერს  “მე შენ მიყვარხარ!”, მსოფლიოს ყველა ქალაქსა და სოფელს აწერს ერთდროულად ამ სიტყვებს!

მსოფლიოს ყველა დროშასა და ყველა გაზეთს, ყველა წიგნსა და ყველა ჟურნალს აწერს  “მე შენ მიყვარხარ!”

მსოფლიოს ყველა გემსა და ყველა თვითმფრინავს, ყველა მატარებელსა და ყველა ავტობუსს აწერს  “მე შენ მიყვარხარ!”

მსოფლიოს ყველა ოკეანესა და ყველა ზღვას, ყველა მწვერვალსა და ყველა მდინარეს აწერს  “მე შენ მიყვარხარ!”

ყველა შეყვარებულ, სიყვარულნაკლულ, გაცივებულ, უსიყვარულოდ დადუმებულ, ბედნიერ და უბედურ გულს აწერს  “მე შენ მიყვარხარ!”

“მე შენ მიყვარხარ!” –– ასე რომ გვცდის და გვამოწმებს მიწაზე ადამიანებს.

“მე შენ მიყვარხარ!” –– ასე რომ აგვიტაცებს და გვტოვებს მერე ზეცაში.

ეს ზღაპრული  “მე შენ მიყვარხარ!” – ასე ძნელად რომ არჩევს ღირსსა და უღირსს და ექოსავით რომ ხმიანებს წმინდა კოსმოსში – მე შენ მიყვარხარ… მე შენ მიყვარხარ… მე შენ მიყვარხარ…

311 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი