სამშაბათი, 1 აგვისტო 1944

ძვირფასო კიწი!

“წინააღმდეგობათა კვანძი”. ეს იყო ჩემი უკანასკნელი წერილის უკანასკნელი სიტყვები და დღევანდელსაც ამ სიტყვებით ვიწყებ. “წინააღმდეგობათა კვანძი!” შეგიძლია ამიხსნა, რას ნიშნავს ეს გამოთქმა? რას ნიშნავს წინააღმდეგობა? ამ სიტყვასაც ისევე, როგორც სხვა მრავალს, ორი მნიშვნელობა აქვს. წინააღმდეგობა მეორე სამყაროს მიმართ და შინაგანი წინააღმდეგობა. პირველი, ჩვეულებრივ, იმას ნიშნავს, რომ “არ ეთანხმება სხვა ადამიანის აზრს, გგონია, ყველაფერი სხვაზე უკეთ იცი, ცდილობ უკანასკნელი სიტყვა შენ დაგრჩეს!” ერთი სიტყვით, ყველა იმ უსიამო თვისებას, რომელთაც მე მაწერენ. მეორეს კი არავინ იცნობს, მეორე ჩემი პირადი საიდუმლოებაა. ერთხელ უკვე გიამბე, რომ სინამდვილეში ერთი სული კი არა მაქვს, არამედ ორი. ერთში მოქცეულია ჩემი აულაგმავი მხიარულება, ირონია, სიცოცხლისადმი ტრფიალი და, რაც მთავარია, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულება. იგულისხმება: არ ვერიდები არშიყობას, ხვევნას, კოცნას, ორაზროვან ხუმრობას. და ეს სული მუდამ მზადაა შეავიწროოს მეორე, უფრო წმინდა, ღრმა, მშვენიერი. მაგრამ ანას ამ მეორე კარგ მხარეს არავინ იცნობს და ამიტომაც ხშირად ვერ მიტანენ. მართალია, ზოგჯერ ერთი საღამოსთვის მხიარული და გამრთობი ტაკიმასხარა ვარ, მაგრამ შემდეგ მთელი თვის მანძილზე აღარავის ვჭირდები; მაშასადამე, იგივე ვარ, რაც სერიოზული ხალხისათვის სამიჯნურო ფილმია: მხოლოდ გამრთობი, მცირე ხნით თავშესაქცევი, რასაც მალე ივიწყებენ ხოლმე.

შეიძლება ეს ცუდი არაა, მაგრამ არც მაინცდამაინც კარგია. ამის მოყოლა, ცხადია, არ მსიამოვნებს, მაგრამ რატომ არ უნდა გითხრა, როცა მართალია? ჩემი თავქარიანი, ზერელე სული ყოველთვის ჯაბნის მეორეს, უკეთესს, და ყოველთვის ამარცხებს. შენ ვერ წარმოიდგენ, რამდენჯერ მიცდია, დამესუსტებინა, მიმეჩქმალა ეს ანა, რომელიც ბოლოს და ბოლოს ნახევარია იმისა, რასაც ანა ჰქვია, მაგრამ ამაოდ და ვიცი რატომ. იმიტომ, რომ მეშინია, ვაი, თუ ჩემმა ნაცნობებმა, რომელთაც იციან, როგორი ვარ, უეცრად ჩემი მეორე, გაცილებით უკეთესი და კეთილი ბუნება აღმოაჩინონ. მეშინია, რომ დამცინებენ, სულელად და სანტიმენტალურ ადამიანად ჩამთვლიან, სერიოზულად არ მომექცევიან. თუმცა მე მივეჩვიე არასერიოზულ დამოკიდებულებას, მაგრამ ამას მიეჩვია მხოლოდ “ზერელე” ანე, მას შეუძლია ამის ატანა, ხოლო მეორე, “სერიოზული”, ამისთვის მეტისმეტად სუსტია. და მართლაც, როცა კარგი ანა თხუთმეტი წუთით მაინც გამომითრევია სცენაზე, ისე შეკუმშულა, როგორც მცენარე “უკადრისა”, ხოლო სადაც ლაპარაკია საჭირო, პირველ ნომერ ანას უთმობს ადგილს, და სანამ გამოვერკვეოდე, უჩინარდება.

covers%2fanne-frank

ასე რომ, პირველი ანა არასდროს არ ეჩვენება ხალხს, მაგრამ, როცა მარტო ვარ, მთავარ როლს ასპულებს. მე ზუსტად ვიცი, როგორი ვარ და როგორი მინდა ვიყო… სულის სიღრმეში. მაგრამ, სამწუხაროდ, მე მხოლოდ ჩემთვის ვარ ასეთი და ალბათ ამიტომ ვთვლი ჩემს თავს ღრმა, გულჩათხრობილ ადამიანად, მაშინ როდესაც სხვებს ზერელე და გულღია არსებად მივაჩნივარ. შიგნიდან ყოველთვის გზას მინათებს წმინდა ანა, გარეგნულად კი მხიარული და ხტუნია თიკანი ვარ. როგორც გეუბნებოდი, ყველაფერს სულ სხვანაირად ვგრძნობ, ვიდრე გამოვთქვამ, ამიტომაც შეიქმნა ჩემზე ისეთი შეხედულება, თითქოს ბიჭებს დავდევ, ვარშიყობ, ყველაფერში ცხვირს ვყოფ, თავაუღებლად ვკითხულობ რომანებს. მხიარული ანე ამის გამო იცინის, უკმეხ პასუხებს იძლევა, გულგრილად იჩეჩავს მხრებს. ისე იქცევა, თითქოს მას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ ვაი, რომ მეორე ანა სულ სხვანაირად უყურებს ამას. და რადგან შენთან ბოლომდე გულახდილი ვარ, გამოგიტყდები, რომ ძალიან მაწუხებს ეს ამბავი: ვცდილობ შევიცვალო, უკეთესი გავხდე, მაგრამ ყოველთვის ვებრძვი რაღაც ისეთს, რაც ჩემზე ძლიერია. შიგნით კი ყველაფერი მოსთქვამს: ხედავ, რას მიაღწიე? ყველასთან გაიფუჭე სახელი, ირგვლივ მხოლოდ გესლიანი ან შეზღუდული ხალხია, არავის არ მოსწონხარ და ყველაფერი ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ყურს არ უგდებ კარგი ანას რჩევას. აჰ, მე სიამოვნებით დავუჯერებდი, მაგრამ არ გამომდის: როცა სერიოზული და წყნარი ვარ, ყველა ფიქრობს, თავს ვიკატუნებ და მხოლოდ ხუმრობით გამოვდივარ ამ უხერხული მდგომარეობიდან. ოჯახის წევრებზე აღარაფერს ვამბობ, რადგან ყოველი მათგანი ფიქრობს, რომ ავად გავხდი, მაჩეჩებენ თავის ტკივილის წამალს, ნერვების დასაწყნარებელ აბებს, შუბლსა და მაჯას მისინჯავენ. იქნებ სიცხე გაქვს, იქნებ კუჭი არ მოქმედებს, მესმის ყოველი მხრიდან, შემდეგ კი იმის გამო მლანძღავენ, რომ ცუდ გუნებაზე ვარ. ამდენის ატანა აღარ შემიძლია. როცა ასე ჩამაცივდებიან, ჯერ ნამდვილად ვჭირვეულობ, შემდეგ სევდა მიპყრობს და ბოლოს ისევ შემოვაბრუნებ გულს ცუდი მხრიდან გარეთ, კარგიდან კი შიგნით. და ვცდილობ მოვნახო საშუალება, რომელიც დამეხმარება გავხდე ისეთი, როგორიც მინდა ვიყო და როგორიც შეიძლება ვყოფილიყავი კიდეც!.. ქვეყანაზე რომ სხვა ადამიანები არ არსებობდნენ.

ანა

491 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი