2016 წლის 3 ნოემბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში, 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთაველის თეატრის ორგანიზატორობითა და თიბისი ბანკის ხელშეწყობით, გაიხსნება გოგი ალექსი-მესხიშვილის გამოფენა. 3-23 ნოემბრამდე შეგიძლიათ ეწვიოთ გალერეას და დაათვალიეროთ გოგი ალექსი-მესხიშვილის გენიალური ნამუშევრები ლაივში.

1941 წლის 2 მარტს თბილისში, ცნობილი არქიტექტორების – ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილისა და თინათინ ფანიაშვილის – ოჯახში დაიბადა ტყუპი ბიჭი – გოგი და ლადო ალექსი-მესხიშვილები.

1967 წელს გოგი ალექსი-მესხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.

1975-92 წლებში იყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი.

imag0048

1996-2005 წლებში მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჰემფშირის შტატებში. დარტმუთის კოლეჯში იგი თეატრალური სცენოგრაფიის კურსს უძღვებოდა, რისთვისაც მან 2003 წელს დარტმუთის კოლეჯის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო მიიღო.

გოგი ალექსი-მესხიშვილი სხვადასხვა სახელმწიფო თუ სახელობითი ჯილდოს მფლობელია. მხატვრის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს მრავალ გალერეასა თუ კერძო კოლექციაში. 1999 წელს ის მონაწილეობდა ვენეციის ბიენალეში, ხოლო 2011 წელს სხვადასხვა თემატიკის ინსტალაციებით იგი პრაღის კვადრიენალეზე საქართველოს წარმოადგენდა.

გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები მსოფლიოს თეატრების წამყვან სცენებზე იყო წარმოდგენილი. ეს თეატრებია: ბავარიის სახელმწიფო ოპერა (მიუნხენი), შაუშპილჰაუზი (დიუსელდორფი); ფინეთის ნაციონალური თეატრი (ჰელსინკი), კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი (თბილისი), მეტროპოლიტან-ოპერა (ნიუ-იორკი), შექსპირის თეატრი (ვაშინგტონი), რივერსაიდ სტუდიოს და თეატრი „ქუინსი“ (ლონდონი) და ა.შ…

2014 წელს მან დაარსა გოგი მესხიშვილის თეატრალური დიზაინის სკოლა რუსთაველის თეატრის ბაზაზე.

101 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი